სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში გაწეული ხარჯები სამჯერ გაიზარდა

საქართველოში განათლება (ზოგადი განათლების შემთხვევაში კი, მოსწავლეთა უმრავლესობა) ძირითადად საჯარო სექტორის პასუხისმგებლობაა. ბოლო წლებში ამ სექტორს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა – 2010 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში გაწეული ხარჯები სამჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.6%-ს მიაღწია. თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტით, ეს დაბალი მაჩვენებელია, რადგან OECD-ის ქვეყნები განათლებაზე, საშუალოდ, მშპ-ის 5%-ზე ოდნავ ნაკლებს ხარჯავენ. ამან შეიძლება ნაწილობრივ ახსნას ის, თუ რატომ რჩება PISA-ს ქულები საქართველოში დაბალი. 78 ქვეყანას შორის საქართველო მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე, მეცნიერებაში კი 74-ე ადგილზეა. თუმცა ეს მაინც ვერ ხსნის მთლიან სურათს, რადგან ირლანდია2, რომლის განათლების დანახარჯები თითქმის იგივეა, 21-ე (მათემატიკა), მე-8 (კითხვა) და 22-ე (მეცნიერება) ადგილზეა.

PISA-ს დაბალი ქულები საქართველოს განათლების სექტორში არსებული სერიოზული პრობლემების მხოლოდ ერთი მახასიათებელია. მაგალითად, უმაღლესი განათლება, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ფართოდაა გავრცელებული და საერთაშორისო მასშტაბებზეც გადის, დაბალი ეკონომიკური შემოსავლების მომტანია. 

Galt & Taggart-ის 2020 წლის კვლევაში პრობლემის სამ ძირითად მიზეზს ასახელებს:

  • კურსდამთავრებულთა გადაჭარბებული რაოდენობა, მაშინ როდესაც სამუშაო ადგილები, ძირითადად, დაბალკვალიფიციურ, დაბალანაზღაურებად სექტორებშია კონცენტრირებული;
  • კურსდამთავრებულთა ნაკლებად ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილებები; და
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ვერ უვითარებენ სტუდენტებს ადეკვატურ ტექნიკურ, შემეცნებით და სოციალურ უნარ-ჩვევებს.
  • პროფესიული და ტექნიკური განათლების მიმართულებით სერიოზული პრობლემებია. ახალგაზრდებს არ სურთ დარეგისტრირდნენ განათლების ისეთ პროგრამებზე, რომელიც არ მიიჩნევა პრესტიჟულად და რომელიც მათთვის არც ისე ადვილად ხელმისაწვდომია. 

    Galt & Taggart-ის მონაცემებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების პროცენტული წილი საქართველოში 3-დან 6%-მდე მერყეობს, მაშინ როდესაც ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 48%-ს შეადგენს.

    სპეციალისტების დასკვნით, PISA-ს დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ სიმპტომია და განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობაა