საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 140 კლინიკიდან 85 ჩაერთვება

დიდ ქალაქებში სელექციური კონტრაქტირების პროცესი დასრულდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას 85 დაწესებულება გააგრძლებს. 

როგორც თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროს წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განმარტა, ეს არის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების უსაფრთხო და ეფექტური მიწოდების გარანტი .

„ბოლო პერიოდში დასრულდა სელექციური კონტრაქტირების პროცესი დიდ ქალაქებში, რის შედეგადაც 140 დაწესებულებიდან პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებს 85 დაწესებულება. ამგვარი ცვლილება ჩვენთვის არის გარანტია ეფექტურობის და ხარისხიანი სერვისის მიწოდების. პაციენტის ნაკადები გადამისამართდა იმგვარად, რაც მათ შესაფერის გარემოში კარგი სერვისის მიღების საშუალებას აძლევს. ყველა ის დაწესებულება, რომელიც გააგრძელებს პროგრამაში მონაწილეობას მოტივირებულია და მომზადებულია იმისთვის, რომ განაგრძოს მუშაობა ხარისხის გაუმჯობესებისთვის, იმუშაოს საკუთარი პერსონალის უწვეტ პროფესიულ განვითარებაზე და ეს იქნება უკვე მეორე ეტაპი შეფასების და ამ შეფასებას სამინისტრო განახორციელებს რეგულარულად იმისათვის, რომ პირველადი ჯანდაცვის ხარისხი იყოს ნამდვილად იმგვარი, რომ ჩვენ მოგვცეს დაავადებების ადრეული გამოვლენის და ჰოსპიტალური სერვისების გადატვირთვის თავიდან აცილების შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.