სარესტორნო ინდუსტრიის თანადაფინანსების მექანიზმი ამოქმედდა

პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 4 დეკემბრიდან აცხადებს განაცხადების მიღებას „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ პროგრამის ფარგლებში. განაცხადების მიღება გაგრძელდება 14 დეკემბრის ჩათვლით.

ამის შესახებ report.ge-ს სააგენტოდან "აწარმოე საქართველოში" განუცხადეს.

სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიზანია კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში/ლიზინგის გამცემთან აღებული სესხების/შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

პროგრამის პირობები:

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

  1. არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
  2. არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის/სალიზინგო პროექტის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად.