სებ-ს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება

2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება, რომელიც, სებ-ის განმარტებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილურობას.

 საქართველოს პარლამენტმა ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო დოკუმენტი 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა, რომლის მიხედვით კომერციული ბანკებისთვის განისაზღვრა გაჯანსაღების ჩარჩოს ძირითადი საფუძვლები და ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქციაც დაემატა. აღნიშნული ჩარჩოს სრულად ამოქმედების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე და 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დასამტკიცებელი აქტების ნუსხა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა COVID-19 პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, აღნიშნული არ გავრცელდა რეზოლუციის რეფორმის მიმდინარეობაზე და ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების მიმართულებით. რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე მიუთითებს თავის განცხადებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), რომელშიც ხაზგასმულია, რომ რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საფინანსო სისტემის მდგრადობას.

2020 წლის ივნისში ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც 1-ელ ივლისამდე უნდა შემუშავებულიყო (იხ. პრესრელიზი). ბანკი აქტიურად განაგრძობდა მუშაობას ჩარჩოს სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავების მიმართულებით და მიმდინარე თვეში დარჩენილი კანონქვემდებარე აქტებიც დაამტკიცა, რითაც დაასრულა გაჯანსაღებისა და რეზოლუციის საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა:

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტები ქვეყნის საფინანსო სექტორის კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდა და სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს ეფექტური დანერგვის მიზნებისთვის, ეროვნულმა ბანკმა მომავალი წლისთვის დამოუკიდებლად და ბანკებთან ერთობლივად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა.