ნავთობის ფასი იზრდება

OPEC-ის ალიანსის შეხვედრის მოლოდინში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები იზრდება. 

Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი 0,83%-ით გაიზარდა და ბარელზე 69,44 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 0,87%-ით არის მომატებული და ბარელზე 66,14 აშშ დოლარად ბარდება.

OPEC+-ის მინისტრების მონიტორინგის ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) პროგნოზირებს, რომ სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის გათავისუფლებამ, შესაძლოა, მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ჭარბი რაოდენობა გამოიწვიოს. OPEC-ის რამდენიმე დელეგატმა აღნიშნა, რომ ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში ორგანიზაციამ, შესაძლოა, იანვარში ნავთობის მოპოვების დაგეგმილ ზრდაზე უარი თქვას.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.