სვანეთში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. 

"ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმერეთიდან და თბილისიდან. ამ დროისთვის, ადგილზე უკვე მობილიზებულია 150 მეხანძრე-მაშველი სპეციალური ინდივიდუალური აღჭურვილობით. ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში. 

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა გავრცელებული.