"თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი“ სახელმწიფო მმართველობაში გადადის

„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ მმართველ კომპანიას ხელშკრულება შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყდა. ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიზეზად, სახელმწიფო უწყება „ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საკონცერტო დარბაზის განვითარებისათვის განსაზღვრული ინვესტიცირების გეგმა არ შესრულდა, დაირღვა წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობაც.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ პირგასამტეხლო დააკისრა. სარჩელი შეტანილია სასამართლოშიც.