თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 273 ფაქტი გამოვლინდა

თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 273 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 273 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 42 ფაქტი, იმერეთში - 34, აჭარაში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 23, ქვემო-ქართლში - 21, შიდა ქართლში - 12, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, მცხეთა-მთიანეთშიც - 5, გურიაში კი 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 684 მ3-მდე ხე-ტყე.მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.