ტიკარაძემ მედპერსონალისთვის ხელფასის შემცირება უარყო

კლინიკების მიმართ სარისკო დავალიანებები სახელმწიფოს არ გააჩნია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  განაცხადა. მისი თქმით, უწყება კლინიკების დავალიანებას დადგენილების ფარგლებში ფარავს.


დავალიანება არ არსებობს, ჩვენ ვიმყოფებით დადგენილების ფარგლებში და დადგენილების ფარგლებში დავალიანებას თვის ბოლომდე დავხურავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სამინისტროს უდგას ვალდებულება, დაფაროს სექტემბრის თვე და კლინიკების ნაწილს ეს დავალიანება უკვე დარიცხული აქვს, ხოლო იანვრის ბოლომდე დანარჩენ კლინიკებსაც დაერიცხებათ ის თანხები, რომელიც მათ აქვთ მოთხოვნილი. სარისკო დავალიანებები სახელმწიფოს კლინიკების მიმართ არ გააჩნია“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მედპერსონალისთვის ხელფასების შემცირება დეზინფორმაციაა. მინისტრი ამბობს, რომ კლინიკები სიმართლეს არ ამბობენ.

მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელიც გაჟღერებული იყო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომ არის გადინება სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა სტრუქტურებში, ეს ბადებს გარკვეულ კითხვებს, რადგან ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს უდგას კლინიკების მიმართ, არ არის 520-ე დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, მათ გადასახადების მიმართულებით არანაირი რისკი არ უდგათ და ეს არ უნდა ასახულიყო მედპერსონალზე. გარდა ამისა, 520-ე დადგენილება მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომლებიც იყო 520-ე დადგენილების ჩაშვებამდე და დაწყებამდე ანუ როცა მაისის თვიდან ჩვენ მოგვიწევს ანაზღაურების გადახდა პერსონალის ანაზღაურებაზე, ის ასახული არ უნდა იყოს. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების უფლებებს“, - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლითაც საყოველტაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების ტარიფები გათანაბრდა, ნოემბერში შევიდა ძალაში, რითაც უკმაყოფილოა კერძო კლინიკების წარმომადგენლების უმეტესობა.

კლინიკების უკმაყოფილო ხელმზღვანელები ამბობდნენ, რომ  520-ე დადგენილების მიღების პირველადი შედეგი ტარიფების შემცირებაა. მათი თქმით, ბევრ კლინიკაში ხელფასების 20%-30%-იანი შემცირება მოხდა.