თხილის ფასი დღეს

რეგიონებში თხილის ფასი 3,50-4 ლარის ფარგლებშია. ხალხი ფასით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ბაზარზე ხელოვნურად ერევიან, რასაც თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში არ ეთანხმებიან. არგუმენტად თხილის მაღალი ტენიანობა სახელდება. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა report.ge-თან ამბობს, საფასო ტენდენცია ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი და შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ რა ფასს მიაღწევს თხილი, თოდუა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

,,დასავლეთ საქართველო წელს უხვნალექიანია. შესაბამისად, მოსავალი ტენიანობით გამოირჩევა, რის გამოც თხილის შეგროვების სამუშაო გადაიწევს. აგვისტოს დასაწყისში სეზონი დაწყებული იყო, მაგრამ წელს თხილის შეგროვება მასიურად დაახლოებით 15 აგვისტოდან დაიწყება როგორც ქვედა, ასევე მაღალი ზონის სოფლებში. რაც შეეხება ფასს, დაახლოებით 4 ლარამდეა, ეს არის მაღალტენიანი პროდუქტი, რაც ნიშნავს, რომ 1 ტონა პროდუქტის წონა სინამდვილეში 700 კგ.-ს უდრის. როცა ტენიანობა დაიკლებს და მოსავლის აღება დაიწყება, შეიძლება ფასი შეიცვალოს, მაგრამ რა მაჩვენებელს მიაღწევს იგი, პროგნოზი მიჭირს. ტენდენცია 1 კვირაში გამოიკვეთება“, - ამბობს გიორგი თოდუა.

ფაქტია, რომ თხილის ფასი მოსახლეობისთვის მიუღებელია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიზო ბესელია ამბობს, რომ ფასმა ხალხს მოლოდინი გაუცრუა.

,,ბოლო წლების განმავლობაში თხილი ფაროსანას გამო იაფი ღირდა. 2-3 ლარზე ძვირად ვერ ვყიდდით. ახლა ეს საფრთხე არ არის, ხარისხიც უკეთესია და ველოდით, რომ ფასი მოიმატებდა. თხილი ჩვენი ერთადერთი შემოსავალია და უამრავი ოჯახის კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული. ვეჭვობთ, რომ ბაზარზე ხელოვნურად ერევიან, ქვეყნიდან გასული თხილი 5-ჯერ ძვირი ღირს, ჩვენი შრომა კი ვერ დაფასდა“, - ამბობს გიზო ბესელია.

სეზონის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თხილის ღირებულება 9 ლარს მიაღწევდა. მართალია, ფასი კიდევ შეიცვლება, თუმცა, რა მაქსიმუმს მიაღწევს იგი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.