San Sebastián Gastronomika 2019 ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იყო წარმოდგენილი.
ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ბასკეთის მთავრობამ გამოფენაზე საქართველოს უსასყიდლოდ გამოუყო სტენდი.
San Sebastián Gastronomika ყოველწლიური ღონისძიებაა და მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბურია მონაწილე ქვეყნებისა და პროფესიონალ დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით. მასზე თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი შეფ-მზარეულები, კულინარები, ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.
"ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიულია და მასში მონაწილოება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას",-აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, გამოფენის ტერიტორიაზე არსებულ ბასკურ რესტორანში სამი დღის განმავლობაში, თითოეული კულინარიული ღონისძიების წინ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.