წელს მშენებლობაზე 6975 ნებართვა გაიცა

საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 6975 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,6 პროცენტით ნაკლები) 3925,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30,2 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 76,7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. 

ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 10,2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,3 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე, ხოლო 9,8 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

სულ, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1195,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 37,9 პროცენტით ნაკლები) 1445 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 19,8 პროცენტით ნაკლები).