წელს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 389.6 მლნ ლარი დაიხარჯება

ISET კვლევითი ინსტიტუტი აგროპოლიტიკასა და სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს მიმოიხილავს.  მათი განმარტებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტებსაც. ესენია:

  • ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება;
  • ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესება;
  • კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
  • შეგახსენებთ, 2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 18.3 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 451.6 მლნ ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 2.5%-ს) მიიღებს. სამინისტრო მისთვის გამოყოფილი თანხიდან 10 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 2.2%-ს) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე, 389.6 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 86.3%-ს) სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დაახლოებით 51.9 მლნ ლარს (11%) კი გარემოს დაცვაზე დახარჯავს.

    ცნობისთვის, 2020 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ბიუჯეტი დაახლოებით 6.3%-ით შემცირდება. შემცირების მიუხედავად, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს ახალი დაარსებული მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. 2020 წელთან შედარებით, ამ სააგენტოს ბიუჯეტი 85.8%, საქართველოს მელიორაციის ბიუჯეტი კი 19.8%-ით გაიზრდება. ბიუჯეტი შემცირდება ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის 37.7%-ით, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის – 15.2%-ით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის – 11%-ით, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოსთვის – 2.4%-ით. 2020 წელთან შედარებით, სამინისტრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთობლივ პროგრამაზე 9.9%-ით ნაკლებ თანხას დახარჯავს.

    მიუხედავად იმისა, რომ თანხების გადანაწილება მცირედით შეიცვალა, წინა წლების მსგავსად, სამინისტროს ბიუჯეტის უდიდესი წილი სოფლის განვითარების სააგენტოზე (53%), საქართველოს მელიორაციასა (23.3%) და ღვინის ეროვნულ სააგენტოზე (12.8%) დაიხარჯება. სოფლის განვითარების სააგენტო გააგრძელებს 16 პროგრამის დაფინანსებას. ამ პროგრამებს შორის იქნება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაც, რომელზეც 2021 წელს 115 მლნ ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 55%) დაიხარჯება. „დანერგე მომავალი“ 18 მლნ ლარით (8.7%), „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი კი 12 მლნ ლარით (5.8%) დაფინანსდება.