ტურისტულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებში თანამონაწილეობა შესთავაზეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის 30-მდე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა და 2021 წელს საერთაშორისო გამოფენებში თანამონაწილეობა შესთავაზა. კომპანიებს ხარჯების ნაწილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აუნაზღაურებს.

საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით, წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 6 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ, დუბაის, მადრიდის, თელ-ავივის, ლონდონის, ბარსელონასა და ვარშავის გამოფენებში.

პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, სადაც წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. ITB ბერლინის ვირტუალურ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, 2023 წელს საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, რაც უდიდესი საერთაშორისო აღიარებაა.