ვახტანგ ჭარაია: რას მოგვცემს მინიმალური ხელფასის დაწესება?

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებეზე კითხვები აქვს ეკონომისტების ნაწილს. თსუ-ს ანლიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია, Report.ge-ს უხსნის, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საფრთხილო საქმეა.

"მინიმალური ხელფასი, რომელიც დღეს 20 ლარს უდრის და გასაგებია რომ 90-იანებში მიღებული კანონი ვერ ასახავს 2019 წლის რეალობას, მაგრამ პირობითად 200 ლარის დაწესება რა შედეგს მოგვცემს? თუ არც არაფერს, მაშინ რაღატომ ვკარგავთ ამაზე დროს, თუ ეს თანხა იქნება სიტყვაზე 500 ლარი, როგორ ავუხსნით ამას ბიზნესს? თუ ბიზნესმენების ბედი არ გვადარდებს, რას ვუშვებით ზოგადი ფასების დონეს ქვეყანაში, რომელიც დასაქმებულსაც დაარტყამს და დაუსაქმებელსაც, სკოლის მოსწავლესაც და პენსიონერსაც?!" - გვეუბნება ეკონომისტი.

სპეციალისტი ეჭვის თვალით უყურებს დაგეგმილ ცვლილებას ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებითაც.

"იგივე ეხება ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასაც. ქვეყანაში სადაც კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობაა და ამასთან ერთად ახალი სამსახურის დაწყება საკმაოდ ჭირს, რატომ ვურთულებთ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას? ხომ ფაქტია რომ ამ კანონის მიღების გარეშეც, დღესაც ზეგანაკვეთური მუშაობა უნდა იყოს ანაზღაურებადი, მაგრამ ძალიან ცნობილ კომპანიებშიც კი სამწუხაროდ ზეგანაკვეთურზე "უფასოდ" მუშაობა მიღებული პრაქტიკაა, მრავალი მიზეზის გამო დასაქმებულები არ არიან მზად იდაონ თავისი უფლებებისთვის და უარი თქვან დაკავებულ სამსახურზე," - ამბობს ჭარაია.

როგორც ეკონომიკის ექსპერტი განმარტავს, მდგომარეობის გაუმჯობესება რეალურმა ეკონომიკურმა პროგრესმა უნდა მოიტანოს და არა მაღალი ხელფასის "დაძალებამ" ან/და ბიზნესის კეთების გაძვირების დავალდებულებამ. 

"ცოცხალ-მკვდარია კაპიტალის ბაზარი, პრობლემაა ბანკიდან რესურსის მოზიდვის სირთულე და სიძვირე, კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა... უამრავი პერსპექტიული მიმართულების "დაქოქვის" მაგივრად, თავს ვიკავებთ ფასადის ცვლილებით," - ამბობს ეკონომისტი.