სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ გახდა. ფილმმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა. „ვერცხლის ნიჟარა“ გადაეცათ დეა კულუმბეგაშვილს, როგორც საუკეთესო რეჟისორს და ია სუხიტაშვილს, როგორც საუკეთესო მსახიობ ქალს.
ფილმის შინაარსის მიხედვით, გმირი ქალი საქართველოს მიყრუებულ პროვინციაში ცხოვრობს და რადგან იგი "იეღოვას მოწმეების" ლიდერზეა გათხოვილი, მართლმადიდებლებისაგან ტერორს განიცდის. თუმცა "თვით "იეღოვას მოწმეთა" საზოგადოებაშიც ქალი დაჩაგრული და უუფლებოა - სექტის პრინციპი მამაკაცის დომინირებაა და ამაში დაეჭვება წარმოუდგენელია. ფილმის გმირი ადგილობრივ პოლიციელს ხვდება, მათი ურთიერთობა ღრმავდება და ბოლოს სექსუალურ და სოციალურ ძალადობაში გადადის.
დეა კულუმბეგაშვილი 1986 წელს დაიბადა. რეჟისურა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში შეისწავლა. დეას ერთ-ერთი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „უხილავი სივრცეები“, 2014 წელს კანის კინოფესტივლის ოფიციალურ სექციაში მოხვდა. არანაკლებ წარმატებული გახლდათ მისი შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“, რომელიც ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა.