მწერალთა სახლში წიგნის "აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი მკვლევარისა და მეცნიერის, ნატო მარშანიას წიგნის­ - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაციაში.

ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სახელით, დაადასტურა მაქსიმალური მზაობა ასეთი პროექტების მხარდასაჭერად, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო დიპლომატიისა და ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის წარმოებისთვის.

„აფხაზურ-ქართული ურთიერთობები, ზოგადად, ყველა ჭრილში საინტერესოა. უაღრესად მნიშვნელოვანია აფხაზ პოლიტემიგრანტთა წვლილი, რომელიც მათ 1918-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და აფხაზეთის, აფხაზთა, საქართველოს სახელმწიფოსა და ზოგადად, ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებაში შეიტანეს“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ღონისძიება მიეძღვნა, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 1919-1921 წლებში აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის იუბილეს, რომელსაც 26 ოქტომბერს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა.