მარველის 22 ფილმისაგან შემდგარი საგა Avengers: Endgame - ით დამთავრდა. როგორც ფილმის სცენარისტებმა განაცხადეს Endgame - ის შემდეგ ძველებურად აღარაფერი იქნება.
მარველი კვლავ აქტიურად განაგრძობს ახალ კომიქსებზე მუშაობას. გაგაცნობთ იმ ფილმების სიას, რომელსაც 2020 - 2022 წლებისათვის უნდა ველოდოთ.
Black Widow
ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის 1 მაისს გაიმართება. მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი შეასრულებს. ფილმში კომიქსის გმირის, ნატაშა რომანოვის ისტორიაა გადმოცემული. ისტორია ვითარდება იმ პერიოდში, როდესაც კომიქსის მთავარი გმირი ჯერ კიდევ რუსი აგენტი იყო და „შურისმაძიებლები“ არ არსებობდნენ. ფილმში მონაწილეობას ასევე დევიდ ჰარბორიც მიიღებს, რომელიც ერთ-ერთ წამყვან როლს ითამაშებს.
The Eternals
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 6 ნოემბერს გაიმართება. იგი ჯეკ კირბლის კომიქსის ეკრანიზაციას წარმოადგენს. ფილმი შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი სუპერძალების მქონე ადამიანების ჯგუფზე იქნება.
Shang-Chi and the Legend of the Ten Rings
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 21 თებერვალს გაიმართება. ეს იქნება ფილმი პირველი აზიელი სუპერგმირის შესახებ. კომიქსი ბოროტმოქმედის შვილზე, შანგ-ჩიზე მოგვითხრობს, რომელიც მამის წინააღმდეგ წავა, მას შემდეგ, რაც გააცნობიერებს, რომ იგი ბოროტებას ემსახურება.
Doctor Strange in the Multiverse of Madness
ფილმის პრემიერა 2021 წელს გაიმართება. შეგახსენებთ, 2016 წელს ფილმის პირველი ნაწილი Doctor Strange გამოვიდა. Doctor Strange in the Multiverse of Madness-ში მთავარი გმირის, დოქტორი სთრეინჯის როლს კვლავ ბენედიქტ კამბერბეტჩი ითამაშებს.
Thor: Love and Thunder
ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2021 წლის ნოემბერია. ეკრანიზაციაში მთავარ როლს ნატალი პორტმანი და კრის ჰემსვორთი შეასრულებენ. შესაძლოა ფილმში კრისტიან ბეილიც ვიხილოთ, თუმცა ამის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
Black Panther 2
ფილმი სავარაუდოდ 2022 წლის გაზაფხულზე გამოვა. „შავი პანტერის“ პირველი ეკრანიზაცია მარველისათვის დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ფილმში მთავარ როლს კვლავ ჩედვიკ ბოსმანი ითამაშებს.
Guardians of the Galaxy Vol. 3
ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. Guardians of the Galaxy-ის მესამე ნაწილზე მუშაობა 2019 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ვინაიდან წინა პლანზე სხვა კომიქსები წამოიწია, რეჟისორებმა გალაქტიკის მცველები მომავლისათვის შემოინახეს.