თბილისის ილუსტრაციის ფესტივალში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

"წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაგეგმილ თბილისის ილუსტრაციის ფესტივალში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

ფესტივალის მიზანია, შეიქმნას ახალი პლატფორმა საგამომცემლო სფეროში დასაქმების მსურველი ილუსტრატორებისა და დიზაინერებისთვის. ამავდროულად, პლატფორმა გამომცემლებსა და ილუსტრაციებით დაინტერესებულ პირებს, საშუალებას მისცემს, გაიცნონ და აღმოაჩინონ ახალი მხატვრები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე სტუმრობა შეეძლება ილუსტრაციების თემით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს, რომლებიც გაეცნობიან თანამედროვე ილუსტრატორების ახალ ნამუშევრებს, შეიძენენ ლიმიტირებულ და ავტორთა მიერ ხელმოწერილ გამოცემებს, პრინტებს, ორიგინალ ნამუშევრებს, ილუსტრირებულ სუვენირებს და ა.შ.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი 30-მდე ილუსტრატორი მიიღებს. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ, მათ სპეციალური კომისია შეარჩევს.

განაცხადის შემოტანის მსურველებმა tbilisiillustrationfair@gmail.com-ზე უნდა გააგზავნონ მინიმუმ ხუთი ილუსტრაცია და ნამუშევრებისა და შემოქმედებითი პრაქტიკის მცირე აღწერა. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 4 ივნისი. ილუსტრაცია უნდა გადმოსცემდეს ამბავს, იყოს თხრობითი ტიპის და გასაგებად აჩვენებდეს პერსონაჟების ემოციასა და ხასიათს.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.