თეა წულუკიანი N19 ხელოვნების სკოლას ეწვია

თეა წულუკიანი ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლას ეწვია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სკოლის ხელმძღვანელობას შეხვდა და სკოლის აღსაზრდელების მიერ დადგმულ მუსიკალურ წარმოდგენას დაესწრო. 

ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას ჰყავს ჩასაბერი საკრავების ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ბავშვთა ორკესტრი საქართველოში, ასევე გოგონათა ერთადერთი სასულე ორკესტრი.

თეა წულუკიანმა სკოლის აღსაზრდელებს შესთავაზა, თუკი ექნებათ სურვილი, სამინისტროს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა, რათა ერთი მხრივ, მათი შემოქმედება ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი იყოს და მეორე მხრივ, ამ ახალგაზრდების საქმიანობის პოპულარიზაციამ სკოლის აღსაზრდელების პროფესიულ კარიერას შეუწყოს ხელი.