წულუკიანი საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში სსიპ საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს ეწვია და მის ხელმძღვანელობასა და ორკესტრის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო მუსიკალური ცენტრის საქმიანობას, დაათვალიერა სსიპ-ის შენობა და მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე ეროვნული მუსიკალური ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.

ცენტრის ყველაზე დიდი გამოწვევა შენობისა და სათანადო სარეპეტიციო სივრცის უქონლობაა. მინისტრმა მოუწოდა ცენტრის ხელმძღვანელობას, შენობას ჩაუტარონ ექსპერტიზა მისი მდგრადობის დასადგენად და მხოლოდ ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ სამინისტროსთან ერთად დაიგეგმოს შემდგომი სამოქმედო გეგმა.