უტა ბერიას ფილმის ჩვენება გერმანიასა და სამხრეთ კორეაში გაიმართება

უტა ბერიას ფილმ “უარყოფითი რიცხვების" ჩვენება გერმანიასა და სამხრეთ კორეაში გაიმართება, - ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს.

,,უარყოფითი რიცხვები" წარდგენილია პიონჩანგის მშვიდობის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში. ფესტივალი სამხრეთ კორეაში დისტანციურად 18-23 ივნისს ჩატარდება.

,,უარყოფითი რიცხვების" გერმანული პრემიერა შედგება ვისბადენში, საერთაშორისო კინოფესტივალზე goEest. ფილმის ჩვენება ფესტივალის მთავარ კონკურსში 14 ნოემბერს გაიმართება.

“უარყოფითი რიცხვები” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე. საქართველოში ფართო აუდიტორიამ იგი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე 2019 წელს იხილა, სადაც “უარყოფით რიცხვებს” 2 ჯილდო ერგო: ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი „ადამიანის უფლებები", - აცხადებენ კინოცენტრში.