20 ივნისს დაკავებულებთა ნაწილმა ბრალი აღიარა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს. შესაბამისად, ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან მისი განმარტებით, ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ბესიკ თამლიანს, ის მტკიცებულებებს უდაოდ არ ხდის.  

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე რუსუდან თამლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურაში დაიბარეს და შესთავაზეს შვილის საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. როგორც თამლიანი განმარტავს, მისი შვილი ბრალს არ აღიარებს.

„კიდევ ერთხელ დამცინეს, პროკურატურაში დამიბარეს, თურმე, მხოლოდ ჩემი შვილი არ მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, დანარჩენებს კი ყველას უფორმდება. გიორგი მუკბანიანს ვუთხარი, შეცდომაში არ შემიყვანო, თუ რამე ისეთია ადვოკატთან ერთად მოვალ-მეთქი. მითხრა, რომ არა, არ არის საჭირო ადვოკატი, მარტო მობრძანდიო. მივედი, საბუთი გამზადებული ჰქონდათ, რომელშიც ეწერა, რომ ბუდაღაშვილი, კუპრეიშვილი და სოსელია თანახმა არიან 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წავიდენენ საპროცესო შეთანხმებაზე. სამი წელი პირობითი ექნებათ და ჯარიმა 2000 ლარი უნდა გადაიხადონ. მერე წერია, ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი წინააღმდეგია საპროცესო შენხმებაზეო. 225-ე მუხლის მე-2 ნაწილს ნადვილად არ ვაღიარებ არც მე და არც ჩემი შვილი. ჩემი შვილი 45 წლისაა, სრულწლოვანია და რა საჭირო იყო ჩემგან ხელის მოწერა?! კიდევ ერთხელ დამცინეს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ", - განაცხადა თამლიანმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.