80 წლის კაცის მკვლელობისთვის 24 წლის გოგო დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

როგორც report.ge-ს უწყებიდან აცნობეს, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს - 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების
შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე - რუსთავში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.