სიძის მკვლელობისთვის სიმამრს 13 წელი მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ი. დამნაშავედ ცნო.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 ივნისს, ა.ი.-ს სიძემ ბ.ნ.-მ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეუღლეს მ.ი.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ქალიშვილის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ა.ი.-მ, შურისძიების მიზნით, ბ.ნ.-ს დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ბ.ნ. გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.ი. 2019 წლის 24 ივნისს რუსთავში დააკავეს. 

მას ბრალდება სსკ-ის 11'.109-ე მუხლის მერე ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ ა.ი-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.