არასრულწლოვანის იძულების ფაქტზე ლაგოდეხელ ბებიას ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე ქალს ბრალდება წარუდგინა. 

"2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.

აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი - ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ბრალდება სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით არის წარდგენილი, რაც ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას გულისხმობს.