31 დეკემბრის აქციაზე დაკავებულების პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო 31 დეკემბრის აქციაზე დაკავებულების საქმეზე იმსჯელებს. დღევანდელ პროცესზე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. 

სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს პარლამენტის წინ აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვების აღებას და იქ ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ ხუთ პირს: დავით მჟავანაძეს, ზუკა ბერძენიშვილს, ბექა ბასილაიას, გიორგი მუმლაძესა და ბექა კოკაიას ხულიგნობასთან ერთად, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.