ბრიტანელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა

ოთხ მათგანს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ძარცვის მუხლებით აქვს წარდგენილი, ერთს კი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის.

თომას კენედი საქართველოში ბოლო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ბოლოს ტურისტი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი მდინარემ მეორე დღეს, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.