ადვოკატი: დღეს, მიხეილ კალანდიას განაჩენი უნდა იყოს გამამართლებელი

თუ ბინძურმა პოლიტიკურმა გავლენებმა არ მოახდინეს სასამართლოზე გავლენა, დღეს, მიხეილ კალანდიას განაჩენი უნდა იყოს გამამართლებელი, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა. 

,,არანაირი რეალური მტკიცებულება ბრალდებას არ დაუდია, ერთადერთი მიხეილ ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მიღებული ჩვენება აქვთ", - განაცხადა უფლებადამცველმა.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისია.

"დაცვის მხარე გარკვეულ სპეკულირებას მიმართავს, რაც სამართლებრივ ჩარჩოებს ცდება და ამიტომ, ამ დეტალებში არ შევალთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად არის საკმარისი დასაბუთებული საბრალდებო განაჩენის გამოსატანად. არ არის გამორიცხული, საქმეში მონაწილეთა წრეც გაფართოვდეს", - აცხადებს პროკურორი ბესიკ ქვარცხავა. 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. 

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.