დაირღვა კანონი, რაც ჩვენი შესწავლის საგანია - ვიქტორ ყიფიანი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი აცხადებს რომ მილიარდერის გუშინ გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერი შესწავლის საგანია. ბერმუდის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ამსახველი მასალა მედიაში გავრცელდა, თუმცა რა გზებით, ამ დრომდე უცნობია. 

ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, პროცესზე დასწრება ნებისმიერ პირს, წინასწარი რეგისტრაციით შეეძლო, თუმცა ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვა ამ შემთხვევაშიც მოქმედებდა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ფაქტზე მოკვლევა დაიწყება. 

"ეს საქმე რეზონანსულია და ჩვენ უკვე ადგილობრივ ტელესივრცეში ვხედავთ გარკვეული ვიდეომასალების გავრცელებას. ეს ცალკე თემაა, რომელიც შესწავლას მოითხოვს, რადგან ეჭვის დონეზე და ვარაუდების დონეზე მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. ერთი რამ ფაქტია, რომ გარკვეული ვიდეომასალა გავრცელდა. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას, ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული. აქედან გამომდინარე ისმება კითხვა - ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით?

ჩვენ თუ ლოგიკური გამორიცხვის მეთოდით ვივლით, გამორიცხულია ეს ვინმეს ჩვენი მხრიდან გაეკეთებინა. თვითონ პროცესი საჯაროა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს თვალი ადევნოს უნდა მიმართოს სასამართლოს და ის გადის შესაბამის რეგისტრაციას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა დაინტერესებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე. აქ კანონი არ ირღვევა, თუმცა მოხდა ვიდეო და ფოტო გადაღებაზე არსებული შეზღუდვის დარღვევა და დღეს ეს მასალა გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის, რომელიც არცთუ დადებით ასოციაციებს იწვევს... აქ მთავარია ის, რომ დაირღვა კანონი ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. რაც ჩვენი შესწავლის საგანია", - აღნიშნა ყიფიანმა.