დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს.

ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საგამოძიებო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოკითხვის დეტალებზე გენერალურ პროკურატურაში არ საუბრობენ. 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული, ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების ბრალდებით 7 ოქტომბერს 2 პირი დააკავა.

დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.