უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულების პროცესი გაიმართება

დღეიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას სასამართლო პროცესები უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

საქმეზე მსჯავრდებულია ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.