ფოთის საბაჟო სამმართველოს მომსახურების უფროსი დააკავეს

ფოთის საბაჟოს სამმართველოს მომსახურების უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 4 მარტს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ავტომანქანა. 

მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგელებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება", - აცხადებენ სუს-ში. 

გამოძიების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.