გორში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გიორგი კანდელაკის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჯოზეფში“, 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, გორში მომხდარი ურთიერთდაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ჩხუბი სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჯოზეფთან“ მოხდა, რომელიც ცნობილს მოკრივეს, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის. ფიზიკურ დაპირისპირებაში 15-მდე პირი მონაწილეობდა.