კალანდიას განაჩენთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ მ. კ.-ს მიმართ.

სასამართლომ მ. კ. დამნაშავედ ცნო დ. ს.-ს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამოყენებით, ბრალდებულს დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მ. კ.-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, 2017 წლის 1 დეკემბერს ფიზიკური დაპირისპირებისას მ. კ.-მ სხვა პირთან ერთად წინასწარი შეცნობით, თანნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჭრილობები მიაყენა არასრულწლოვან დ. ს.-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით,“ - ნათქვამია განცხადებაში.