მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს. 

უცწყებაში არ აკონკტეტებენ, უკვე გადაყვანილია თუ არა ექსპრეზიდენტი სასამართლოს შენობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ამ ეტაპზე სასამართლოს ეზოში არც მედიის წარმომადგენლებს და არც მოქალაქეებს უშვებენ. სასამართლოს შესასვლელთან პოლიცია პატრულირებს. ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა მხოლოდ გარე პერიმეტრზე ეძლევათ. 

ამავე ტერიტორიაზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

სავარაუდოდ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში უკვე გადაიყვანეს, რადგან გორის ჰოსპიტალი პენიტენციური სამსახურის მანქანამ ესკორტის თანხლებით დატოვა.

7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. ეს იქნება პირველი სასამართლო პროცესი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებული დაესწრება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.