"ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და მის ძმას გირაო შეეფარდათ

რაჭის ყოფილ გუბერნატორს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ოთარ სირაძესა და მის ძმას, დავით სირაძეს ამბროლაურის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმის არსებითი განხილვა 4 სექტემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში 4 ივლისს „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში მონაწილეობდა მისი ძმაც. 

საქართველოს პროკურატურამ ოთარ და დავით სირაძეებს ჯგუფური ძალადობის ფაქტზე წარუდგინა ბრალი. 

როგორც report.ge-ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ქალაქ ამბროლაურში ო.ს.-მ და დ.ს.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

აღნიშნული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე.