ნიკა გვარამია პროკურატურაში ახალი ბრალის წარდგენისთვის დაიბარეს

ნიკა გვარამია, ახალი ბრალის წარდგენის მიზნით გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო უწყება ადასტურებს.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია", - განაცხადეს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.