პირს, რომელმაც ლიფტში მოქალაქე დააყაჩაღა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პირს, რომელმაც ლიფტში მოქალაქე დააყაჩაღა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო.

2019 წლის 6 მარტს, თბილისში, ტყვარჩელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, ძარცვისთვის ნასამართლევი, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი პირი, ბასრი საგნით შეიარაღებულ თანამზრახველთან ერთად, თავს დაესხა მოქალაქეს და მუქარის გამოყენებით 50 ლარი გასტაცა. შემდეგ კი თანამზრახველთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 6 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალი ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.