საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში  "თი-ბი-სი" ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

სასამართლოში გამოცხადდნენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და "ტვ პირველის" დამფუძნებელი ავთო წერეთელი. 

მოსამართლე საქმის წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.