საქართველოში დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 8 პირის შემთხვევაში 10 000-ლარიანი გირაოს, ერთის შემთხვევაში კი, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა. ღონისძიების შედეგად თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. გამოძიების ცნობით, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.