სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 პირი ამხილეს

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 პირი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელბს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, რომლებიც იყვნენ იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, დავალებული ჰქონდათ აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა.

სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მათ მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული დაკისრებული მოვალეობები, რამაც საშუალება მისცა კონტრაქტორ კომპანიას რეალურად შეესრულებინა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.