საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დასრულდა.

სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მესამე პრეზიდენტს არც დღეს მიეცა. მიხეილ სააკაშვილს პროცესში დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა.  მისი მოთხოვნაა, რომ სხდომაში მონაწილეობა პირადად მიიღოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეა მოსამართლემ. დავით კურტანიძის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა თანხმობა განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე, თუმცა, მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა ამაზე უარი თავად თქვა.

ადვოკატებმა მოსამართლე და პროკურორები პოლიტიკური საქმის წარმოებაში დაადანაშაულეს და მათი აცილება მოითხოვეს, თუმცა, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ერთ-ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე და პროკურატურები იმ მიზეზებზე აპელირებდნენ, თუ რატომ არ უნდა მიეყვანათ მიხეილ სააკაშვილი პროცესზე.

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია. ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები. 

მათი საქმეები ერთმანეთისგან გამოყვეს. დიმიტრი საძაგლიშვილის მტკიცებით, ესეც იმიტომ გაკეთდა, რომ ექსპრეზიდენტი სასამართლო დარბაზში არ მიიყვანონ. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე რუსთავის ციხეში 20 ოქტომბერს წარუდგინეს.