შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენს, 9 მარტს გამოაცხადებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე, ბიძინა სტურუა განაჩენს 9 მარტს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობას 5 პირს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და ორ არასრულწლოვანს - ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

ცნობისთვის, მოსამართლე ბიძინა სტურუა სათათბიროდ, სამშაბათს, 2 მარტს გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.