სუს-ი განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.