თამარ ბაჩალიაშვილის დედა: FBI-ის ჩართულობას მოვითხოვ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აპირებს შვილის გარდაცვალების გამოძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვა მოითხოვოს. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, ის აშშ-ის ელჩს პირადად მიმართავს.

“ალბათ, FBI-ის ჩართულობას მოვითხოვ. უშუალოდ მივმართავ ელჩს. თუ პროკურატურა უარს გვეტყვის, ეს ცხადზე ცხადი იქნება, რომ არ აწყობთ და თვითონ არიან დამნაშავეები”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.