თამარ ბაჩალიაშვილის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

პროკურატურის წარმომადგენლები დღეს თამარ ბაჩალიაშვლის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ისინი გარდაცვლილის სახლში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. პროცესს ზედამხედველობას ოჯახის ადვოკატი უწევდა. 

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა გარდაცვლილის ნივთები ამოიღეს. კერძოდ, საუბარია კომპიუტერთან დაკავშირებულ გარკვეულ ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომლითაც, შესაძლოა დადგინდეს, შეაღწიეს თუ არა ბაჩალიაშვილის კომპიუტერში უკანონდ. 

გარდა ამისა, რამიშვილის ცნობით, ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურის წარმომადგენლებს ჩვენებები მისცეს და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, რა ინფორმაციაზე საუბარი, ადვოკატი არ აკონკრეტებს. 

"დაიკითხა ქალბატონი თეონა და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა. წაიღეს ინტერნტ როუტერი. გარდა ამისა, დღეს თამარის მამა, ბატონი ჯუმბერი არის დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, რადგან აქ დაფიქსირდა ოჯახზე თვალთვალის გარკვეული ფაქტები. დაფიქსირებულია ავტომობილის ნომრებიც და უნდა დადგინდეს, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც პერიოდულად აქ მოდიან, მეზობლებზე ზეწოლას ახორციელებენ და ფოტოებს უღებენ. ალბათ იქნება საუბარი ე.წ შვებულებაში გაშვებულ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებზე "  - განაცხადა რამიშვილმა.