თუ ჩამოსახრჩობი ვარ, ჩამომახრჩონ - 14 წლის მოზარდის დედა

14 წლის მოზარდის დედა, რომელსაც პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა, ირწმუნება, რომ შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ არაფერი იცოდა. 

გოგონას დედა ამბობს, რომ თუ ის გასასამართლებელია - გაასამართლონ. 

"გასასამართლებელი ვარ - გამასამართლონ, ჩამოსახრჩობი ვარ - ჩამომახრჩონ, დასაწვავი ვარ - დამწვან. მე არ მიმიძღვის ბრალი და არ ვიცოდი ჩემი შვილის სიტუაციაში რა ხდებოდა, ამხელაზე შეტოპა ხალხმა, რომ მე ამაზე მედავებიან, კი ბატონო. როგორც მოსახდენია მოხდეს ისე," - აცხადებს 14 წლის გოგონას დედა, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 3 წლის განმავლობაში მამაკაცი ძალის გამოყენებით 14 წლამდე გოგონას სისტემატურად აუპატიურებდა, გოგონა დაორსულდა და ბავშვი გააჩინა. პროკურატურის ცნობით, მომხდარის შესახებ დედამ იცოდა, თუმცა შესაბამის ორგანოებს დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.