სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წელი მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო.

როგორც report.ge-ს საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, ზ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ო.მ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა, მიყენებული დაზიანების შედეგად ო.მ. ადგილზე გარდაიცვალა. ზ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.მ. 2019 წლის 9 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.