,,უნდობლობის საფუძველი არ მაქვს" - შაქარაშვილის ბიძა ირაკლი შოთაძეს შეხვდა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზანი საქმის ობიექტური გამოძიებაა. 

კითხვაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, რამდენად აქვს გამოძიების მიმართ ნდობის ფაქტორი, ნიკოლაძე ამბობს, რომ უნდობლობის საფუძველი არ აქვს, რადგან მიმდინარე გამოძიების შედეგებით კმაყოფილია.

,,შეხვედრის ინიციატორი თავად გენერალური პროკურორი იყო. იყო ურთიერთგაცვლა ინფორმაციის, სამოქმედო არეალზე საუბარი და რა თქმა უნდა, ოჯახისთვის ერთგვარი გარანტიების მიცემა, რომ ყველაფერი იქნება ობიექტურად გამოძიებული, რომ არც ერთ დამნაშავეს ხელი არ დაეფარება და არავინ წავა იმაზე, რომ ერთი კითხვის ნიშანი დარჩეს ვიღაცის ლობირებასთან დაკავშირებით. იყო პოზიტიური შეხვედრა ამ თვალსაზრისით. ვიცი ერთი რამ, მე ვუყურებ ამას შედეგიდან გამომდინარე და ამ გადმოსახედიდან უნდობლობის საფუძველი არ მაქვს.", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა და მან თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული პროცესების დროს, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. მიმდინარე წლის 18 თებერვალს კი საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მეორედ გახდა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.